Thursday, 26 May 2016

GMM-120 - ქართული თვითმავალი ნაღმტყორცნი


დღეს, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, სამეცნიერო კვლევითმა ცენტრმა "დელტამ", თავისი დიდი ხნის წინ დაპირებული სიახლე - თვითმავალი 120მმ-ნი ნაღმტყორცნი, GMM-120 წარმოადგნია. ნაღმტყორცნი გერმანული სამხედრო 6x6 სავალი ნაწილის მქონე MAN KAT 1-ის ტიპის სატვირთოზეა დამონაჟებული და მოძრაობაში ჰიდრო-მექანიკური ამძრავების საშუალებით მოდის, რაც თავის მხრივ კომპლექსის ეთთგვარი უარყოფითი მხარეა.

ჰიდრავლიკური ამძრავები  მისი ხანძარსაშიში თვისებების გამო არმიებში ცუდი რეპუტაციით სარგებლობს, ყველა ცდილობს ელექტრო-მექანიკური ამძრავები გამოიყენოს. რა თქმა უნდა არსებობს არააალებადი სითხეებიც, რომლებიც ამგვარ სისტემებში გამოიყენება (მაგალითად ტანკ Abrams-ის კოშკურისა და ქვემეხის მექანიზმებში), მაგრამ ეს ნახევარზომაა, ეკიპაჟს ნამდვილად არ ესიამოვნება სადენების დაზიანების შემთხვევაში გახურებული სითხის მძლავრი ჭავლის ქვეშ მოხვედრა. თუმცაღა "დელტას" წარმომადგენლის განცხადების თანახმად კვლევითი ცენტრი ელექტრო-მექანიკურ სისტემაზე უკვე ფიქრობს.
120მმ-ნი ნაღმტყორცნს გაძლიერებული, 7 მუხტიანი, ნაღმების სროლა შეუძლია. მანქანას ბორტზე 60 ნაღმიანი საბრძოლო მარაგი გადააქვს. 50 ცალი ნაღმი უკნიდან ამოსასვლელი კარების მარჯვნივ და მარცხნივ (ოცდახუთი ნაღმი თითო მხარეს) არის განთავსებული, ხოლო დანარჩენი 10 ცალი, პირველი ჯერის ნაღმის ბუდეები, გათვლისთვის მიწოდების გასაადვილებლად, თვითონ ნაღმტყორნის მბრუნავ ლაფეთზეა დამონტაჟებული.
ნაღმტყორცნს სროლის მხოლოდ ერთი, დაცემითი, მექანიზმი გააჩნია, თუმცაღა დელტას წარმომადგენლის განცხადების თანახმად,  შესაძლებელია ნაღმტყორცნის სასხლეტ-დამრტყმელი მექანიზმით აღჭურვა.
მანქანის ეკიპაჟი 6 კაცისგან შესდგება, აქედან მძღოლი და მეთაური კაბინაში არიან განთავსებულები. გათვლის 4 წევრი სალაშქრო მდგომარეობაში კაბინასა და საბრძოლო ნაკვეთურს შორის მდებარე სადესანტო ნაკვეთურში იმყოფებიან.

რატომ დარჩა გათვლა საბუქსირე ნაღმტყორცნის დონეზე გაურკვეველია. მაგალითისთვის, საბჭოთა/რუსულ 120მმ-იან ნაღმტყორნ 2С12 Сани-ს გათვლაც 5 კაცისგან შესდგება, ესენია - მეთაური, მემიზნე, მიმწოდებელი, დამტენი, დამდგმელი. ამას კიდევ მეექვსე წევრი, მძღოლი, ემატება. სავარაუდოდ ჩვენი თვითმავალი ვარიანტიდან, მიუხედავად იმისა რომ "დელტას" საინფორმაციო დაფაზე 6 კაცია მითითებული, გათვლის ერთი წევრი ამოვარდნილი უნდა იყოს.

ნაღმტყორცნის მართვა, დამიზნება და განულება ფერადი ეკრანით აღჭურვილი, ციფრული მართვის პანელის დახმარებით ხდება, რომელიც სანავიგაციო და საარტილერიო გამოთვლებისთვის საჭირო პროგრამითაა აღჭურვილი.
სალაშქრო მდგომარეობაში ნაღმტყორცნი უკან მობრუნებული და დაშვებულია, საბრძოლო ნაკვეთურის ორ ფრთიანი სახურავი დახურულია. სახურავის გახსნა-დახურვა ამძრავების დახმარებით ხდორციელდება, რომლებიც ისევ და ისევ ჰიდრავლიკურია.
თავდაცვის მიზნით მანქანა 12,7მმ-ნი ტყვიამფრქვევითაა აღჭურვილი. ჯავშან კორპუსი სავარაუდოდ უკვე ცნობილი "დიდგორის" ჯავშანკორპუსის ანალოგიურია და შესაბამის დაცვას უზრუნველყოფს.

კომპლექსის მოკლე ტტმ:


P.S. რამოდენიმე შენიშვნა - (1) სროლის მაქსიმალური და  მინიმალურიმანძილი (7100 და 480 მეტრი შესაბამისად) შეესაბამება საბჭოთა/რუსულ 120მმ-იან ნაღმტყორნ 2С12 Сани-ს მონაცემებს, შესაბამისად ეს მანძილები რუსული ჭურვებისთვისაა მოცემული და თავისთავად ზემოთ ნახსენები გაზრდილმუხტიანი ნაღმებისთვის ეს ციფრები სხვა იქნება. (2) მანქანის საბრძოლო მასა 15 ტონას უდრის. ბაზად გამოყენებული MAN KAT 1-ის წონა 10 ტონაა და გააჩნია 7,3 ტონა ტვირთამწეობა. შესაბამისად კომპლექსის ჯავშანდაცვის გაზრდა სრულებით რეალურია, თუმცაღა ეს მის სავალ მახასიათებლებს საგრძნობლად გააუარესებს. (3) მანქანის გარეგანი იერი და ფუნქციონალურ-ერგონომიული თვისებები რამოდენიმე ხარვეზსა თუ დაუხვეწაობას შეიცავს, პირველ რიგში გათვლის ასასვლელ-ჩამოსასვლელი კარები - სასურველია უფრო ფართო და მექანიკური აპარელი იყოს. თვითონ ცეცხლის მართვის სისტემა - საინტერესოა რამდენადაა საერთო ქსელში ჩართული, არაა გამორიცხული საცეცხლე პარამეტრების მიღება რაციით ხდებოდეს და შემდეგში ოპერატორს ისინი ხელით შეყავდეს მართვის სისტემაში. (4) უკუგორვის მექანიზმის არსებობა ამცირებს მისი სამარშოდან საბრძოლო მდგომარეობაში გადასვლის დროს და გამორიცხავს კორპუსის საყრდენების არსებობას, მაგრამ მეორეს მყრივ მანქანის დაზიანების შემთხვევაში შეუძლებელი ხდება ნაღმტყორცნის ჩამოღება და გრუნტიდან სროლა. მოკლედ ეს გადაწყვეტილება როგორც იტყვიან ორმხრივია და შემკვეთმა თვითონ უნდა ამოირჩიოს თუ რა არის მისთვის პრიორიტეტული.

მანქანის საერთო ხედი
 
ჰიდრავლიკური გახსნა-დახურვის მექანიზმის მქონე ორ ფრთიანი სახურავი

 ამოსასვლელი კარების მარჯვნივ და მარცხნივ განთავსებული 50 ნაღმის ბუდეები

მბრუნავ ლაფეტზე დამონტაჟებული პირველი ჯერის 10 ნაღმის ბუდეები


 ნაღმტყორცნის მართვის, დამიზნების და განულების ფერადი ეკრანით აღჭურვილი, ციფრული მართვის პანელი

ავტომატურად მართვადი ნაღმტყორცნი. ქვევით ჩანს ვერცხლისფერი, დანაყოფებიანი  უკუგორვის მაკონტროლებელი დაფა.
 

გათვლის სამარშო ნაკვეთური 

No comments:

Post a Comment